სარეკლამო ბიუჯეტის განაწილება ბევრ კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია. ერთი მხარეს გარე სარეკლამო ბანერებია, მეორე მხარეს კი – ბრენდირებული ნივთები. ორივე ინსტრუმენტი ბრენდის ხილვადობაზე მუშაობს, მაგრამ სრულიად სხვადასხვა გზით. სანამ ამ ორს შევადარებთ, თითოეული ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ.
სარეკლამო ბანერები
სარეკლამო ბანერები, ბილბორდები და ციფრული ეკრანები ქალაქის გარემოს ნაწილია. Morning Consult-ისა და Out of Home Advertising Association of America-ს 2023 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 88%-ს ბოლო 30 დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გარე სარეკლამო შეტყობინება შეუნიშნავს. ეს ციფრი მაღალია, რასაც ლოგიკური ახსნა აქვს – ადამიანები ყოველდღიურად გადაადგილდებიან და ქუჩაში გარკვეულ დროს ატარებენ.
ამ კვლევის მიხედვით, სარეკლამო ბანერებს სხვა ფორმატებთან – სოციალური მედიასთან, ონლაინ რეკლამასა და რადიოსთან შედარებით, ყველაზე მაღალი დადებითი შეფასება ჰქონდა: გამოკითხულთა 61% ბილბორდებს სხვა სარეკლამო ფორმატებს ამჯობინებდა. ასევე, გამოკითხულთა 43%-მა, ვინც გარე სარეკლამო ბანერი შეამჩნია, 30 წუთში ის მაღაზია ან რესტორანი მოინახულა, რომელიც ბანერზე იყო. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ გარე რეკლამა ადამიანს სწრაფი მოქმედებისკენ უბიძგებს.
თუმცა, სწორედ ამ მონაცემებში ჩანს ერთი არსებითი შეზღუდვა: სარეკლამო ბანერი გარკვეულ ადგილას შეზღუდული პერიოდის განმავლობაში მუშაობს. ადამიანი მას ხედავს, ზოგჯერ მოქმედებს კიდეც, მაგრამ ბანერი სივრცეში ფიქსირებულია. ის მხოლოდ იმ ადამიანს ხვდება, ვინც კონკრეტულ ადგილზე გაივლის.
ბრენდირებული ნივთები
ბრენდირებული ნივთი – ჭიქა, ჩანთა, კალამი, ჰუდი და ა.შ. – სხვაგვარად მუშაობს. Advertising Specialty Institute-ის (ASI) 2020 წლის გლობალური კვლევა ადასტურებს, რომ გამოკითხულთა 85%-ს ბრენდირებული ნივთი კარგად ახსოვს. ბრენდების ამ გზით დამახსოვრების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი ტანსაცმლის კატეგორიაშია.
Promotional Products Association International-ის (PPAI) 2021 წლის კვლევამ კი სხვა რამ გამოკვეთა: გამოკითხულთა 48.7% ბრენდირებულ ნივთს ხუთ წელზე მეტ ხანს ინახავს. ASI-ის კვლევა ასევე ადასტურებს, რომ გამოკითხულთა 40%-ს ბრენდირებული ნივთი ათ წელზე მეტ ხანს ჰქონდა შენახული. ეს რიცხვები, ჩვეულებრივ სარეკლამო კამპანიასთან შედარებით, სხვა მასშტაბებს გულისხმობს.
PPAI-ის კვლევაში კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი გამოჩნდა: ადამიანები ბრენდირებულ ნივთს, ძირითადად, სარგებლიანობის გამო ინახავს. ეს პასუხი გამოკითხულთა 75.4%-მა გასცა. ეს კი მნიშვნელოვანი დაკვირვებაა: სარეკლამო ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯდება, ბრენდის შესახებ ყოველდღიური შეხსენებაა.
რა განსხვავებაა რეალურად
როცა ამ ორ ინსტრუმენტს გვერდიგვერდ ვათავსებთ, ნათლად ჩანს, როდის უკეთ მუშაობს თითოეული.
სარეკლამო ბანერი ეფექტურია ახალი აუდიტორიის სწრაფად მოსაზიდად, კონკრეტული ადგილის, შეთავაზებისა თუ ღონისძიების გასაცხადებლად.
ნივთების დაბრენდვა კი სხვა ამოცანის გადასაჭრელად გამოდგება. ის ბრენდს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ათავსებს. როგორც წესი, მას ყოველდღე, თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში იყენებენ.
ამ ორ ინსტრუმენტს შორის არჩევანი ბევრ შემთხვევაში მიზნის მიხედვით უნდა გააკეთოთ. თუ კომპანიას ხანმოკლე კამპანია სჭირდება, მაგალითად, ახალი პროდუქტის ბაზარზე შემოსვლის შესახებ, სარეკლამო ბანერი ამ ამოცანას სწრაფად ასრულებს. თუ ის გრძელვადიან შედეგზე, ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე, თანამშრომელთა ჩართულობასა ან მომხმარებლებთან ურთიერთობის გამყარებაზე მუშაობს, ბრენდირებული ნივთი სხვა სახის კავშირს ქმნის.
ASI-ის კვლევაში კიდევ ერთი ასპექტი გამოიკვეთა: ბრენდირებული ნივთი ბრენდის ხილვადობას მისი მიმღების გარემოშიც ავრცელებს. თუ ადამიანი ბრენდირებულ ჰუდს ან ჩანთას ოფისის მიღმაც ატარებს, ლოგო ისეთ ადგილებშიც მიაღწევს, სადაც ბანერი ფიზიკურად ვერ მოხვდება. ეს ეფექტი ორგანულად ხორციელდება.



